საგამოძიებო სამსახური: დიდი ოდენობით გადასახადის თავის არიდებაზე ბრალი 2 პირს წარედგინება

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური წერს, რომ დაკავებულია კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, თურქეთის მოქალაქე ო.ბ, ხოლო ბ.პ-ს, რომელსაც საქართველო დატოვებული აქვს, ბრალი დაუსწრებლად წარედგინება და მასზე ძებნა გამოცხადდება.

უწყებს ცნობით:

„გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში რეგისტრირებული კომპანია წლების განმავლობაში სისტემატურად მონაწილეობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ხაშურისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში და საქართველოს მასშტაბით ასრულებდა ნაპირსამაგრ სამუშაოებს.

კომპანიის დეკლარირებული ბრუნვა 17 მილიონ ლარს აღემატება.

კომპანიის ხელმძღვანელი პირები საქმიანობის პროცესში და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მილიონობით ლარის მიღების პარალელურად სისტემატურად ახდენდნენ ბიუჯეტში გადასახდელი თანხების არასწორ დეკლარირებას, რითაც განზრახ თავს არიდებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას”.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანახმად, კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 1 423 887.91 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადის სახით – 673 742 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით [დიდი ოდენობით გადასახადის თავის არიდება] და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-იდან 8 წლამდე ვადით.