ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ქრთამის აღების ფაქტზე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი დააკავეს.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სამსახურეობრივად ევალებოდა ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული საქონლის ჩაბარება და სათანადო დოკუმენტაციის გაფორმება, სახელმწიფო ტენდერში მონაწილე კომპანიის წარმომადგენლისგან ნაკლებობით ჩაიბარა საქონელი, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა სრულ მოცულობაზე და უზრუნველყო მიმწოდებელი კომპანიისთვის სრული სატენდეროღირებულების გადარიცხვა.
აღნიშნული ქმედების სანაცვლოდ, ბრალდებულმამიმწოდებელი კომპანიის წარმომადგენლისგანმოითხოვა და მიიღო ფულადი თანხა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეომტკიცებულება“, – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.