სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ შეიქმნება პედოფილიასა და სექსუალურ გამოძალვისთვის მსჯავრდადებულ პირთა რეესტრი და მონიტორინგის მექანიზმი.
უწყების ცნობით, ის შექმნის ელექტრონულ რეესტრს, სადაც პედოფილიისა და სექსუალური გამოძალვისთვის მსჯავრდადებული პირები დარეგისტრირდებიან, რომლებსაც უფლებები შეეზღუდებათ და მათზე მონიტორინგი განხორციელდება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ბავშვებისა და მოზარდებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას და ინტერნეტ სივრცეში პედოფილიის, სექსუალური გამოძალვისა და პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის შემთხვევების თავიდან აცილებას.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ელექტრონულ რეესტრში შეყვანას, მონიტორინგსა და უფლებების ჩამორთმევას დაექვემდებარებიან ის მსჯავრდადებულები, რომელთაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოავლენს მცირეწლოვანი ბავშვების, არასრულწლოვანი პირების მიმართ ჩადენილ სექსუალური გამოძალვასა და სქესობრივ დანაშაულებში, ასევე ის პირები, რომლებიც პირადი ცხოვრების კადრებს მოიპოვებენ და ავრცელებენ ანგარების მიზნით, ასევე ის მსჯავრდადებულები, რომელთაც მსგავსი ტიპის რამდენიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი ან ამ დანაშაულს ჩადიან განმეორებით.
უწყების ცნობით, დანაშაულებისთვის მსჯავრდადებული პირების მიმართ გამოყენებული იქნება სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიებები, როგორიც არის არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან 30 მეტრის რადიუსში მიახლოების, მგზავრთა გადაყვანის უფლების ჩამორთმევა, საექიმო და პედაგოგიური საქმიანობის, სოციალურ მუშაკად მუშაობის აკრძალვა და ა.შ.
რაც შეეხება სახელმწიფო მონიტორინგს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ეს მოიცავს გარკვეული პერიოდულობით მსჯავრდდებული პირის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების ვალდებულებას, საცხოვრებელ და სამუშაო მისამართზე პირის შემოწმებას, მისგან ინფორმაციის მოთხოვნას და სხვა პრევენციული ღონისძიებების გატარებას.