საგამოძიებო სამსახურის უფროსობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ინსპექტორის სამსახურის გაყოფა სწორი იყო

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობის ერთ-ერთ კანდიდატთან, ემზარ გაგნიძესთან გასაუბრება დასრულდა. დეპუტატების შეკითხვების პასუხად გაგნიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორად გაყოფა სწორი იყო.

მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქოლგის ქვეშ რამდენიმე დიდი მიმართულების გაერთიანება მიზანშეწონილი არ იყო.

„ჩემი აზრით, გაყოფის საკანონმდებლო რეგულაცია, არსებული სამართლებრივი რეალობიდან გამომდინარე, იყო არსობრივად სწორი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2018 წელს შეიქმნა და 2018 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური იყო, გაუფართოვდა უფლებამოსილებები.

ამის შემდეგ, უკვე 2019 წლის პირველი ნოემბრიდან ამოქმედდა სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო ფუნქციებით აღჭურვა. როდესაც ასეთი დიდი სამსახურის ერთიანი ქოლგის ქვეშ არსებობს ორი მიმართულება, ერთი მხრივ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონიერების შემოწმება და მეორე მხრივ, საგამოძიებო ფუნქციებით აღჭურვა და ამას მესამე მიმართულება ემატებოდა – ფარული საგამოძიებო მოქმედებების ერთიან ეროვნულ ცენტრალურ ბანკში გადამოწმებისა და კანონიერების საკითხების შესწავლა, სამი მსგავსი ტიპის დიდი მიმართულება ერთი ქოლგის ქვეშ, ჩემი აზრით, სამართლებრივად მიზანშეუწონელია“, – განაცხადა გაგნიძემ.

შეკითხვაზე, სწორად მიაჩნია თუ არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების პროცედურები, გაგნიძემ „ამ მოცემულობაში“ შეფასებისგან თავი შეიკავა.

„გაუქმების პროცედურასთან მიმართებით, მე მხოლოდ ინფორმირებული ვარ მედიასაშუალებებით. მე მხოლოდ მესმის სახელმწიფო ისპექტორის მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები. ასევე, ხელისუფლების, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები და ოპოზიციური ფლანგის მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები. ამიტომ, მე არ ვიცი, ამ გაუქმების პროცესს რაიმე მოლაპარაკება, წინადადებებით მიმართვა და ა.შ. უძღოდა თუ არა. ჩემთვის ეს ფაქტები უცნობია. ამიტომ ამ მოცემულობაში ამას ვერ შევაფასებ ამ ნაწილში“, – აღნიშნა გაგნიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც მოქმედმა სახელმწიფო ინსპექტორმა მიმართა, ახალი სამსახურების ხელმძღვანელების შერჩევის პროცესის ლეგიტუმურობას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს.

ემზარ გაგნიძის თქმით, სამსახურის ხელმძღვანელების არჩევის პროცედურა კანონიერია, რადგან საჯარო კონკურსის წესს ექვემდებარება.

„…თვითონ გაუქმების პროცესი პირდაპირ დაკავშირებულია კონსტიტუციურ ჭრილში განსახილველ საკითხთან, სადაც საკონსტიტუციო სარჩელით ეჭვქვეშ დაყენებულია კონსტიტუციის 25-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი, როდესაც ასეთი ფორმით ხდება სამსახურის გაყოფა და, ამ მხრივ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს და ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, მისასალმებელი იქნება მისი გადაწყვეტილება.

თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ პროცესის ლეგიტიმურობას ვერ დააყენებს ეჭვქვეშ“, – განაცხადა გაგნიძემ.


საკონკურსო კომისიებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე – ელენე ალავერდაშვილი, ემზარ გაგნიძე და კარლო კაციტაძე; ხოლო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე – კახა მაღრაძე, ლელა ჯანაშვილი, თამარ ალფაიძე შეარჩიეს. კარლო კაციტაძე და ემზარ გაგნიძე მოქმედი პროკურორები არიან.