საგამოძიებო სამსახურმა ძალადობრივ დანაშაულში 4 სამართალდამცავი ამხილა

პუბლიკა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის ივნისი-ივლისში თბილისში, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 სამართალდამცავი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა. ამის შესახებ ინფორმაციას სეპციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი რ.დ., რომელმაც 2023 წლის 11 მაისს, ქ. თბილისში, შურისძიების მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულ მოქალაქეს. კერძოდ, იარაღი ჩაარტყა თავის არეში, ასევე, ძირს დაგდებულ მსხვერპლს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და კვლავ განაგრძო მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, რის შედეგადაც მსხვერპლს თავის მიდამოში მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები. საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის და მუქარისთვის წარუდგინა ბრალდება.

დანაშაულში მხილებულია და დაკავებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ. ს., რომელიც ყოფილ მეუღლეს, 2017-2023 წლებში გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა. აგრეთვე, 2023 წლის მაისში მას სიცოხლის მოსპობით დაემუქრა. საქართველოს პროკურატურამ, სამართალდამცავს ოჯახში ძალადობის და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა.

დანაშაულში მხილებულია ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ.ყ., რომელმაც 2023 წლის 4 აპრილს, თბილისში, სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა შუბლის არეში, რის შედეგადაც მსხვერპლმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ბრალდება წარუდგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში, ასევე, მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ვ. გ., რომელმაც 2023 წლის 16 მარტს, ქ. თბილისში, ურთიერთშელაპარაკების დროს, მსხვერპლს ცემის შედეგად სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა. გარდა აღნიშნულისა, ვ. გ., 2023 წლის 17 მაისს, ქ. თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მის ნაცნობ ქალბატონს და დააზიანა დაზარალებულის ავტომანქანა.

საქართველოს პროკურატურამ, სამართალდამცავს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის, მუქარისთვის და ნივთის დაზიანებისთვის ბრალდება წარუდგინა, “- ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგამოძიებოს ცნობით, ისინი ინტენსიურად აგრძელებენ არასათანადო მოპყრობისა და სამართალდამცავების მიერ ჩადენილი სხვა ძალადობრივი დანაშაულების გამოძიებას, რომლის შედეგების და მიმდინარეობის თაობაზე საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მუშაობის შედეგად ძალადობრივ დანაშაულსა და არასათანადო მოპყრობაში 40 სამართალდამცავია მხილებული.