საგამოძიებო სამსახურმა ხელვაჩაურში ენმ-ის ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ხელვაჩაურის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე სამსახურებრივი მდგომარეობით, მისი პირადი მიმოწერის უკანონოდ მოპოვების, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყებამ განჩინების საფუძველზე, მიმოწერის უკანონოდ მოპოვების და გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულების მოძიების მიზნით მობილური ტელეფონები ამოიღო.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2022 წლის 17 ოქტომბერს, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მალხაზ თავდგირიძის განცხადების საფუძველზე სამსახურებრივი მდგომარეობით, მისი პირადი მიმოწერის უკანონოდ მოპოვების, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა მალხაზ თავდგირიძემ განმარტა, რომ 2021 წლიდან არის ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე. 2022 წლის 29 აგვისტოს, ელგუჯა ბაგრატიონმა კუთვნილ მობილურ ტელეფონში აჩვენა მასსა და მის თანაფრაქციელ თ. თ.-ს შორის განხორციელებული მიმოწერის ე.წ. „სქრინები“. მოწმის განმარტებით, ელგუჯა ბაგრატიონმა უთხრა, რომ აღნიშნული შეტყობინებები მოიპოვა და მას გადასცა მათივე თანაპარტიელმა მამუკა ჯევაიშმა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიმოწერის უკანონოდ მოპოვების და გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულების მოძიების მიზნით ელგუჯა ბაგრატიონისა და მამუკა ჯევაიშის კუთვნილი მობილური ტელეფონები ამოიღო, რომელიც დაილუქა მესაკუთრეების თანდასწრებით, რის შემდეგაც აღნიშნული ნივთმტკიცებები გადაიგზავნება ექსპერტიზის ბიუროში მობილურ ტელეფონებში მალხაზ თავდგირიძის პირადი მიმოწერის ამსახველი უკანონოდ მოპოვებული და გავრცელებული „სქრინების“ არსებობის დასადგენად.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2022 წლის 1 მარტიდან გაზრდილი საგამოძიებო უფლებამოსილებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობას ასევე მიეკუთვნება ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოებისა და კერძო კომუნიკაციის უკანონო ხელყოფის ფაქტების გამოძიება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მალხაზ თავდგირიძემ თავმჯდომარის პოსტი და პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.

„ჩემი პირადი მიმოწერები და სატელეფონო საუბრები გადასცეს მესამე პირებს. მიმდინარეობდა ჩემი შანტაჟი, რის შესახებაც სამართალდამცველებს უკვე მივმართე და წარვუდგინე შესაბამისი მტკიცებულებები. მე ვერ ვიქნები პარტიაში, რომელსაც საქართველოდან გაქცეული დავით კეზერაშვილი აფინანსებს“, – განაცხადა თავდგირიძემ.

მალხაზ თავდგირიძე არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობა“ სხვა წევრებმაც დატოვონ.