საგამოძიებო: სექსუალური გამოძალვის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

პუბლიკა

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი საიდუმლოს ხელყოფის მუხლით, სექსუალური გამოძიების ფაქტზე დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ქალმა სოციალური ქსელით გაიცნო უცხო ქვეყნის მოქალაქე კაცი, რომელსაც მოგვიანებით ბათუმში შეხვდა და ურთიერთობა დაიწყეს.

საგამოძიებოს განცხადების მიხედვით, სქესობრივი კავშირის დროს ბრალდებული დაზარალებულს მობილური ტელეფონით ვიდეოებს უღებდა, ასევე მისი ტელეფონიდან ფარულად გადაიწერა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო- ვიდეომასალა.

„მას შემდეგ, რაც ქალმა კაცთან ურთიერთობის შეწყვეტა გადაწყვიტა, ბრალდებულმა ფარულად მოპოვებული კადრებით შანტაჟი დაიწყო და გოგოს მასთან ურთიერთობის აღდგენა მოსთხოვა. დაზარალებულისგან უარის მიღების შემდეგ, შურისძიების მიზნით, დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის ამსახველი ფარულად გადაღებული ვიდეო სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით, ქალის ოჯახის წევრებსა და ნაცნობებთან გაავრცელა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, ბრალდებულმა შექმნა ყალბი გვერდები, რომლებზეც ავრცელებდა ქალის ინტიმურ კადრებს, ასევე, უცნობ პირებს დაზარალებულის სახელით წერდა და მის საკონტაქტო ინფორმაციას აწვდიდა, უგზავნიდა ინტიმურ ფაილებს, რის შედეგადაც მას უკავშირდებოდნენ მისთვის უცნობი მამაკაცები.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ, კონფიდენციალურობის სრული დაცვით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ჩხრეკა ჩატარდა ბრალდებულის სასტუმროს ნომერში, რა დროსაც ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალა, მათ შორის, მის მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა იმ სოციალური ქსელის მისამართები, რომელთა გამოყენებითაც დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი მასალის გავრცელება ხდებოდა, რის შემდეგაც ბრალდებული დაკავებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია განცხადებაში.