„სპეციალური საგამოძიებო სამსახური“ აცხადებს, რომ სიცრუეა მოქალაქე ლიზი თირქიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს მას უწყებიდან დაუკავშირდნენ და 5 პოლიციელის თავდასხმაში და შემდგომ მიმალვაში დაადანაშაულეს.
უწყება ამბობს, რომ მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია გამომძიებელსა და ლიზი თირქიას შორის არ შემდგარა და აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება ემსახურება სამსახურის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
საგამოძიებოს ცნობით, 18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამომძიებლის მხრიდან ნამდვილად შედგა კომუნიკაცია ლიზი თირქიასთან და დაკავების გარემოებების და მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მოსვლა შეეთავაზა.
„მედიაში გავრცელებული ცრუ ინფორმაციის შემდეგ, ლიზი თირქიასთან კომუნიკაციის დეტალების დაზუსტების და გამომძიებლის შესაძლო არაეთიკური ქცევის შესწავლის მიზნით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომელი დაუკავშირდა ლიზი თირქიას, რომელმაც სატელეფონო საუბრისას უარყო მანამდე მის მიერ გაცხადებული ტექსტი და განმარტა, რომ პოსტი სოციალურ ქსელში თავის დაზღვევის მიზნით განათავსა და საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების შემდეგ შეიტყო მისი დაბარების რეალური მიზეზი. ლიზი თირქია გამოიკითხა, განემარტა მისი უფლებები და შეეთავაზა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. სამსახური საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქმეში ჩართულ ყველა პირს საქმის მასალებთან წვდომის და გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.
მედიასაშუალებას მოვუწოდებთ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებამდე შესაბამისი კითხვებით მიმართონ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს“, – წერია განცხადებაში.
უწყება ავრცელებს სატელეფონო საუბარსაც, სადაც ლიზი თირქია ამბობს – „დავთანხმდი დაკითხვას, განვათავსე პოსტი, იმიტომ, რომ მე არ ვიცოდით თქვენ რისთვის მირეკავდით, შესაბამისად თავი დავიზღვიე“. ის ამავე ჩანაწერში ამბობს, რომ იყო დაკითხვაზე, თუმცა „დიდად იმედი არ აქვს“, რომ უწყება იპოვის იმ სამართალდამცავებს, რომლებსაც ის ძალადობაში ადანაშაულებს.
მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ლიზი თირქია და დაწერა, რომ უწყებამ უკან წაიღო „აბსურდული ბრალდება“.
„საგამოძიებოში მითხრეს, რომ გაურკვევლობა მოხდა. მისვლის შემდგომ, როდესაც დაინახეს, რომ სიმაღლეში 155 სმ ვარ, უკან წაიღეს თავიანთი აბსურდული ბრალდება. ჩემზე გამოძიების დაწყებას ჩემი და ჩემი მეგობრების დასაშინებლად აპირებდნენ, თუმცა გამორჩათ ფაქტი, რომ მანამდე წიწაკის სპრეიმაც არ გაჭრა, რის შედეგადაც საავადმყოფოში აღმოვჩნდი.
აქამდე ჩემთვისაც წარმოუდგენელი იყო მსგავსი “შეცდომები” საგამოძიებო უწყებების მხრიდან, თუმცა ახლა აღარაფერი მიკვირს. რაც შეეხება გამოძიებას – გამომძიებელს ყველა ფაქტი დეტალურად მოვუყევი, თუმცა იმ უწყებისგან, რომელსაც დღემდე არ გამოუძიებია არცერთი ძალადობის ფაქტი, როგორც პოლიტიკურ ლიდერებზე, ასევე სამიქალაქო აქტივისტებზე, რა თქმა უნდა, არ მაქვს არანაირი მოლოდინი იმისა, რომ მე აღმოვჩნდები ის ერთადერთი“, – წერს მოქალაქე.