საია: საგამოძიებო ადვოკატს უზღუდავს აბაშიძესთან შეხვედრის საშუალებას, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სამხედრო ექსპერტის და ბლოგერის, უჩა აბაშიძის სახლში პოლიციის შესვლას ეხმაურება და მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, ადვოკატს დაუყოვნებლივ მისცეს საგამოძიებო მოქმედებებზე დასწრების და მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შესაძლებლობა, ხოლო საქართველოს სახალხო დამცველსა და ადვოკატთა ასოციაციას შეისწავლოს ადვოკატის საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტი და მოახდინოს მასზე შესაბამისი რეაგირება.

„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ამ დროისთვის მიმდინარეობს უჩა აბაშიძის საცხოვრებლის ჩხრეკა.

ადგილზე მისულია არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატი, რათა დაიცვას უჩა აბაშიძის ინტერესები და დაესწროს საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა, უწყება არ აძლევს მას ბინაში შესვლის და მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობას.

აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს ამ პირის დაცვის უფლების შეზღუდვას, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.

მოვუწოდებთ საგამოძიებო უწყებას, ადვოკატს დაუყოვნებლივ მისცეს საგამოძიებო მოქმედებებზე დასწრების და მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შესაძლებლობა, ხოლო საქართველოს სახალხო დამცველსა და ადვოკატთა ასოციაციას შეისწავლოს ადვოკატის საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტი და მოახდინოს მასზე შესაბამისი რეაგირება”, – ნათქვამია განცხადებაში.


უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია რამდენიმე საათის წინ შევიდა. როგორც მისი ახლობლები წერენ, აბაშიძეს არ აძლევენ ტელეფონის გამოყენებისა და ადვოკატთან დაკავშირების საშუალებას. აბაშიძის სახლთან შეკრებილები არიან მისი მხარდამჭერები. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიციაც.

უჩა აბაშიძემ სოციალურ ქსელში რუსული კანონის საწინააღმდეგო და პროტესტის მხარდამჭერი არაერთი პოსტი და ვიდეო გამოაქვეყნა