„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, საგამოძიებო უწყების ყოფილი მაღალჩინოსნის მამამ სახელმწიფო შესყიდვებით 15 მლნ ლარზე მეტი მიიღო.
კერძოდ, TI-ის ცნობით, „მშენებელი 2012″, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორიც ვახტანგ კაპანაძეა, სახელმწიფო შესყიდვებს ბორჯომში, ძირითადად, გზებისა და ხიდების მშენებლობაზე, ასევე მათ მოვლა-შენახვაზე იღებს.
ორგანიზაციის განცხადებით, მისი შვილი, ნოდარ კაპანაძე, 2009-2019 წლებში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, იყო სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე და უფროსი; შემდეგ, მას ბორჯომში დაცვის პოლიციის უფროსის თანამდებობა ეკავა; ამჟამად მამის შპს-ში საქმიანობს.
„ვახტანგ კაპანაძის შპს „მშენებელი 2012-მა“ 2013 წლის მაისიდან დღემდე, 47 ტენდერი მოიგო, ჯამში, 14 282 979 ლარზე. Მათგან უკონკურენტოდ და სხვების დისკვალიფიკაციის ხარჯზე 36 ტენდერში გაიმარჯვა და ჯამში 10 094 127 ლარი (70.6%) მიიღო. აღსანიშნავია, რომ თანხის გაზრდის მიზნით, მასთან დადებულ ხელშეკრულებებში ცვლილებები 6-ჯერ შეიტანეს და 235 789 ლარით მეტი ჩაურიცხეს. დანარჩენი 779 026 ლარი შპს “მშენებელი 2012”-მა პირდაპირი შესყიდვებით მიიღო.
შპს „მშენებელი 2012-ის“ ძირითადი შემსყიდველი 13 301 221 ლარით (88.3%) ბორჯომის მერია და მისი იურიდიული პირები არიან”, – აცხადებენ TI-ში.
ამასთან, TI-ის ცნობით, ვახტანგ კაპანაძემ 2016 წლის ოქტომბერში „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა; შპს „მშენებელი 2012-მა“ კი 2021 წლის აგვისტოში პარტიის ანგარიშზე 15 000 ლარი შეიტანა.
„ვახტანგ კაპანაძე კიდევ ორ სხვა კომპანიაში ფლობს წილებს და ორივე ამ კომპანიაში მისი პარტნიორია შალვა ფხიკიძე. ფხიკიძე ბაკურიანში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის დაცვის ყოფილი უფროსისა და ასევე, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, რევაზ მუმლაძის ცოლის ძმაა.
შალვა ფხიკიძე 2015-2017 წლებში ხელმძღვანელობდა შპს „კარიერი-2010”-ს, რომელშიც ყველაზე მეტ წილს – 38%-ს ვახტანგ კაპანაძე ფლობს, 2019 წელს კი ვახტანგ კაპანაძემ და შალვა ფხიკიძემ შპს „მშენებელი 2019“ დააფუძნეს. ამ კომპანიაში, ამჟამად, შალვა ფხიკიძის ნაჩუქარ 50% წილს მისი მეუღლე შორენა ფხიკიძე ფლობს.
ფხიკიძეებიც სამშენებლო ბიზნესით არიან დაკავებული. მათ კომპანიებს შპს „მშენ 2014-ს“, შპს „მშენ 2008-ს“ და შპს „ტეხასს“, 2016-2024 წლებში, 84 სახელმწიფო შესყიდვით, ჯამში, 234 960 ლარი აქვთ მიღებული”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს „მშენებელი 2012-ის“ სახელმწიფო შესყიდვები და გამოარკვიოს, ხომ არ აქვს ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს მასსა და შემსყიდველ ორგანიზაციებს შორის.