აქტივისტი ნიკო მანაგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა – საქმე ეხება ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტისთვის „საქმიანობაში ხელის შეშლას“.
როგორც მანაგაძე წერს, საგამოძიებო სამსახურს თავად ტელეკომპანია „იმედმა“ მიმართა.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დამირეკეს, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო და უნდა გამოცხადდეთ უწყებაშიო.
რა მოხდა: იმედის ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ვკითხე, გმობდნენ თუ არა მათ კოლეგაზე („მთავარი არხის“ ოპერატორზე) პოლიციის მხრიდან ძალადობას, კამერის დამტვრევას და მის უკანონოდ დაკავებას. და უთხრეს თუ არა ამის შესახებ თავიანთ მაყურებელს, გაუშვეს თუ არა ამის ამსახველი კადრები ეთერში… (ტელევიზია, რომელიც მუდმივად 7 ნოემბერზე და თავიანთი ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე აპელირებს წინა ხელისუფლების კონტექსტში).
და ტრაგიკომიკური ისაა, რომ იმ „პოლიციელებზე“ კი არ აღძრეს საქმე, რომლებმაც (რბილად რომ ვთქვათ) მართლა ხელი შეუშალეს მედიის წარმომადგენელს ბრუტალური მეთოდებით მუშაობაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ, კამერა დაულეწეს და დააკავეს, მე გამომაცხადეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შემშლელად ამაზე კითხვა რომ დავუსვი პირდაპირ ეთერში მათ „კოლეგებს“.
საქართველო. 2024.
პ.ს. ტელეკომპანია „იმედმა“ მოგვმართა ამასთან დაკავშირებითო“, – წერს სოციალურ ქსელში მანაგაძე.
გუშინ, 20 ნოემბერს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 18-19 ნოემბერს ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს სხვადასხვა მედიის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.