სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 31 ივლისს, ქ. ბათუმში, ნავსადგურთან გამართული საპროტესტო აქციის დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სახალხო დამცველის აპარატიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან შემოსული შეტყობინებები დაედო.
დღეს, 31 ივლისს გამთენიისას ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო გემი, Astoria Grande შემოვიდა, რომელმაც რუსი ტურისტები საქართველოში კიდევ ერთხელ შემოიყვანა.
მოქალაქეები ბათუმის პორტში გემის შემოსვლას აქციითა და შეძახილებით დახვდნენ. ადგილზე იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლაც. შსს-ს ცნობით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს 23 პირი.