სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 7-8 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის დროს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და აქციის სხვა მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად.
ზურაბ ჯაფარიძის მეუღლის, ნატა ქორიძის ინფორმაციით, პოლიტიკოსი 7 მარტის აქციისას დააკავეს, დაკავებისას კი მას სცემეს და სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს.
„ზურა გუშინ დააკავეს. პოლიციელებთან საუბრის გარდა, არაფერი გაუკეთებია გუშინ აქციაზე, ძალადობა მისთვის მიუღებელია. საუბრისთვის თავში ურტყეს “დუბინკები”, ეტყობა კიდეც დაზიანებები თურმე, მე თვითონ ვერ ვნახულობ მას. გაზიც შეასხეს სახეში, ისევე , როგორც უამრავ ადამიანს. ახლა დაკავებული ჰყავთ დიღმის იზოლატორში. წესიერი სამედიცინო დახმარება, როგორც ჩანს, არც აღმოუჩენიათ. მხოლოდ გამაყუჩებელი მისცეს გუშინ. ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? სად მივდივართ საერთოდ? რა მომავალს ვქმნით?“, – წერს ქორიძე.
პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს.
მოქალაქეები პარლამენტთან პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ. მოგვიანებით სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო. შსს-ს ცნობით საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს.
მათივე ცნობით, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ისინი დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. აქციის მიმდინარეობისას დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც.