ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ გიორგი გაბუნიას სავარაუდო ლიკვიდაციის საქმესა და რამზან კადიროვის მუქარაზე საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო თანამეგობრობები საქმის კურსში უნდა ჩააყენოს, სხვადასხვა ტრიბუნაზე დაგმოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მოქალაქის სავარაუდო მკვლელობის დაგეგმვა და ყველანაირად შეეცადოს, რომ პუტინის ხელისუფლებამ შესაბამისი პოლიტიკური ფასი გადაიხადოს.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ საგანგაშოა, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები გიორგი გაბუნიას სავარაუდო ლიკვიდაციაზე საუბრისას არც პუტინის რეჟიმს, არც რუსეთის ფედერაციას არ ახსენებენ და, იმის ნაცვლად, რომ ოკუპანტ ქვეყანას საერთაშორისო დონეზე პოლიტიკური ფასი გადაახდევინონ, ქვეყნის შიგნით ოპონენტებისკენ იშვერენ თითს, რასაც საკუთარი ქვეყნის ინტერესების „პროპაგანდისტულ მტრობას“ უწოდებს.
„რითი შეიძლება აიხსნას ნორმალური ხელისუფლების მხრიდან ასეთი სამარცხვინო ნაბიჯები? აქ ოპოზიციის რეპუტაცია კი არ არის მთავარი პრობლემა, აქ არის რისკი მთელი ქვეყნისა და ყველა ჩვენი მოქალაქისთვის.
როცა ხელისუფლება ასეთ აშკარა შემთხვევაში არ აძლევს არც თავის დროზე, არც ახლა საჯარო რეაქციას კადიროვის პირდაპირ მუქარას ჩვენი მოქალაქის შესაძლო მკვლელობასთან დაკავშირებით; თუკი ასეთ დროს, როდესაც დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, საერთაშორისო ასპარეზზეც კი არ ტეხ განგაშს; თუკი იქცევი, დაახლოებით ისევე, როგორც ისინი მოიქცნენ გიგა ოთხოზორიას საქმეზე, როცა ეს ცინიკური მკვლელობა მტკიცებულებებით რომ იყო გამყარებული, არ იქნა აყვანილი საერთაშორისო დონეზე პრობლემურად რუსეთის ფედერაციისთვის; ეს ზრდის მომავალში, მარტო გაბუნიასთვის კი არა, ყველა ჩვენი მოქალაქისთვის“, – აცხადებს გიგა ბოკერია.
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ კადიროვის განცხადებას ღირსების მქონე სახელმწიფო საკადრის პასუხს გასცემდა. მისი აზრით, გაბუნიას სავარაუდო ლიკვიდაციის საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობა საქმის კურსში უნდა ჩააყენონ.
„კადიროვის განცხადება, ეს არის თავხედური განცხადება. ესაა ტერორისტის განცხადება, რომელიც ტერორისტის ენით ბაქიბუქობს და ამბობს, რომ მას რომ დაეგეგმა, კიდევაც შეასრულებდა.
ღირსების მქონე სახელმწიფო, ვგულისხმობ საქართველოს ხელისუფლებას, გასცემდა საკადრის პასუხს. თქვან, რომ მათი ქვეყნის მოქალაქეს თავს ესხმოდა ტერორისტული სახელმწიფო მისი ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეკვეთით. უნდა დაიცვან მათ ქვეყნის ინტერესები და საკუთარი მოქალაქის ინტერესები. ნუ უფრთხიან რუსეთთან საუბარს და ნუ ელაპარაკებიან მას ენის მოჩლექით”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
„გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ მას არ ჰქონდა მოლოდინი საქართველოს ხელისუფლების მკაცრი რეაგირების, რადგან „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან მიმართებით შეშინებულის პოზიცია აქვს.
„ხელისუფლებას რუსეთთან მიმართებით აქვს შეშინებული ადამიანის პოზიცია. ასე არიან ისინი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან. „რუსეთი არ გავაღიზიანოთ“ პოლიტიკით ხელმძღვანელობენ ყველაფერში, საითაც უნდა გაიხედო, ამიტომ მათგან გასაკვირი არ არის, მე არ მიკვირს ყოველშემთხვევაში და არც არანაირი მოლოდინი არ მქონდა ახლა, რომ ზალკალიანი [საგარეო საქმეთა მინისტრი] ბრიფინგს ჩაატარებდა და მკაცრ ნოტას გაუგზავნიდა რუსეთს. ეგეთი ხელისუფლება გვყავს, რას იზამთ”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, გუშინ „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ არ დავიწყებია, როგორ შეურაცხყო გიორგი გაბუნიამ ვლადიმერ პუტინი და ტელეწამყვანს ურჩია: „გიორგი გაბუნიამ, როგორც ადრე ვამბობდი, ჯობს დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს მომხდარისთვის“. კადიროვი ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქე კადიროვის დაკვეთით ქართველი ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა: „ბატონებო, დამიჯერეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი დავალებით, ის ამ დავალებას ასრულებს. ხოლო, თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ, და მით უმეტეს უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყანა, ამის შესახებ ვერ გაიგებს“, – წერს კადიროვი.
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, 2020 წლის 12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.
აღნიშნული, სავარაუდოდ, უკავშირდება 2019 წლის 7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ გიორგი გაბუნიას მხრიდან რუსეთის პრეზიდენტის – ვლადიმირ პუტინის გინებას. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა თავად ვლადიმერ პუტინიც.
ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოგვიანებით განცხადებაც გაავრცელა.
უწყების თქმით, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.
„ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა“, – აცხადებდა სუსი.