საგანგაშოა, რომ პოლიცია ზრუნავს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და ზღუდავს დემონსტრანტების უფლებებს - საია

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმში რუსული კრუიზის შემოსვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ადმინისტრაციული წესით დაკავებული 23 პირი გაათავისუფლოს.

ორგანიზაციის შეფასებით, საგანგაშოა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურა ყველა სხვა შემთხვევასთან შედარებით, განსაკუთრებით ზრუნავს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და ამ საფუძველით ზღუდავს დემონსტრანტების კონსტიტუციურ უფლებებს.

„აღსანიშნავია, რომ თავად ხომალდის მეპატრონესა და დაკავშირებულ კომპანიებთან მიმართებით არსებობს ინფორმაცია მათი სანქცირების შესახებ.

აქცია რუსეთიდან გამოსული მე-2 საკრუიზო გემის წინააღმდეგ წუხელ, 30 ივლისის გვიან ღამით დაიწყო, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ წუთებშიც გრძელდება. აქციის მონაწილეებს ნავსადგურთან შეკრების საშუალება ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლად სამართალდამცავი სტრუქტურა უსაფრთხოების დაცვის ინტერესზე უთითებს.

საგანგაშოა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურა ყველა სხვა შემთხვევასთან შედარებით, განსაკუთრებით ზრუნავს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, და, ამ საფუძვლით მომეტებულად, მათ შორის, ძალისმიერი მეთოდებით, ზღუდავს დემონსტრანტების კონსტიტუციურ უფლებებს, მშვიდობიანად გააპროტესტონ საქართველოში რუსული ოკუპაცია და რუსული გავლენები. აღსანიშნავია, რომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხო კორიდორი მოუწყო რუსეთის მოქალაქეებს, რათა კრუიზიდან ქალაქში მოსახვედრად დაბრკოლებები არ შექმნოდათ. ამ დროისთვის პოლიციას ისევ ორმაგი ჯებირებით აქვს შემოსაზღვრული ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს ბათუმში მიმდინარე აქციის მონიტორინგს და უკანონოდ დაკავებული პირების ინტერესების დაცვას, თუმცა, ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას არ გასცემს დაკავებული პირების ადგილმდებარეობის შესახებ. ადვოკატებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, მოინახულონ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები წინასწარი დაკავების იზოლატორში“, – წერია განცხადებაში.  

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს კონსტიტუციური ინტერესებიდან გამომდინარე, და, უზრუნველყოს:

  •  არ გამოიყენოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალა და არ დაუშვას უკანონო ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა; გაათავისუფლოს აქამდე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები;
  • შესაბამისმა დანაყოფებმა დაკავებულების ადვოკატებს და ოჯახის წევრებს დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია დაკავებულების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

  • დაიწყოს გამოძიება სამართალდამცავების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე.

დღეს, 31 ივლისს გამთენიისას ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო გემი, Astoria Grande შემოვიდა, რომელმაც რუსი ტურისტები საქართველოში კიდევ ერთხელ შემოიყვანა.

მოქალაქეები ბათუმის პორტში გემის შემოსვლას აქციითა და შეძახილებით დახვდნენ. ადგილზე იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლაც.