საგანგაშოდ მივიჩნევთ „პანკისის სათემო რადიოს“ წინააღმდეგ მუქარის შემცველ განცხადებებს - TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ ამბობენ, რომ საგანგაშოდ მიიჩნევენ პანკისის სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლის გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ ორგანიზებულ კამპანიასა და მუქარის შემცველ განცხადებებს.

ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მოახდინოს კანონის შესაბამისი რეაგირება და უზრუნველყოს მედიის საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.

„პანკისის სათემო რადიომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, კერძოდ, “მუქარის გამო, მოსალოდნელი თავდასხმის/ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, პანკისის სათემო რადიოს ხელმძღვანელობამ დღეს გააუქმა ხეობაში, ჟურნალისტური საქმიანობისა და ტექნიკური სამუშაოების განსახორციელებლად დაგეგმილი სამუშაოები და მივლინებები”.

მედიის მიერ ასეთი რადიკალური ნაბიჯის გადადგმა განპირობებულია ბოლო პერიოდში სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლის, გელა მთივლიშვილის, წინააღმდეგ გაკეთებული საჯარო მუქარითა და ორგანიზებული საპროტესტო აქციებით. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, 5 სექტემბერს პანკისის ხეობაში სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ მორიგი აქციის გამართვა იგეგმება, რომელიც რადიკალურად განწყობილი ჯგუფის, ადგილობრივი ხელისუფლების და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხარდაჭერით განხორციელდება.

ეს არ არის სათემო რადიოს წინააღმდეგ აქციის მოწყობის პირველი შემთხვევა. პირველ სექტემბერს ჩატარებულ აქციაზე რადიოს დარბევის და გელა მთივლიშვილის პანკისიდან გაძევების მუქარა ისმოდა, თუმცა, სამართალდამცველების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მომხდარა. შსს-ს განცხადებით თავად გელა მთივლიშვილმაც მიმართა.

პანკისის სათემო რადიო ერთ-ერთი წამყვანი მედია საშუალებაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხეობაში მიმდინარე პროცესების შესახებ ობიექტურ და მიუკერძოებელ გაშუქებაში, “- ამბობენ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს ხელისუფლებას, საჯაროდ დაგმოს პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, დროულად მოახდინოს კანონის შესაბამისი რეაგირება მუქარასა და მედიის საქმიანობაში უკანონო ჩარევასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა.