საგანგებო მდგომარეობის აკრძალვების გაუქმების მოთხოვნით, „გირჩი“ საკონსტიტუციოს მიმართავს

პუბლიკა

„გირჩი“ 13 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს შემდეგ საკითხებს:

– მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებული კარანტინის გამო გადაადგილების უფლების შეზუდვა;
– სამზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა საჯარო სივრცეში;
– ერთ ავტომობილში სამზე მეტი ადამიანის ყოფნის აკრძალვა და წინ, მძღოლის გვერდით ჯდომა;
– ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს. პარტიის წევრი, იურისტი ლევან ჯგერენაია ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს შემოღებული ეს შეზღუდვები არაკონსტიტუციური და არაგონივრულია და მათი ნაწილი მიმოსვლის თავისუფლებას, ნაწილი კი თავისუფალი განვითარების უფლებას ეწინააღმდეგება, რაც ადამიანს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული.

„ხელისუფლების მიერ გამოყენებული ზომები არაგონივრულია და მოკლებულია საღ აზრის. მაგ. ოჯახის წევრებს, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, ერთ ჭერქვეშ, ერთად სადილობენ, ვუკრძალავთ საჯარო სივრცეში ერთად შეკრებას და გადაადგილებასაც კი.

თუ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საჯარო, ღია სივრცეში სამ ადამიანზე მეტის შეკრება აუცილებლად საფრთხის შემცველია, მაშინ ის მით უმეტეს საფრთხის შემცველია სახლში, გადახურულ სივრცეში და ხომ არ შევუვარდებით ოჯახებში ადამიანებს და განვაცალკევებთ ერთმანეთისგან?

საქართველოში ოჯახში საშუალოდ 3.7 ადამიანი ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს შეზღუდვა უამრავ ოჯახს შეიძლება შეეხოს“. – ამბობს ჯგერენაია.

მისივე თქმით,დაუსაბუთებელია, რატომ არის ავტომობილში წინ ჯდომა საფრთხისშემცველი, როცა უკან ორი ადამიანის ჯდომა არ ითვლება ასეთად ან საღამოს გადაადგილებას რა კავშირი აქვს ვირუსის გავრცელებასთან.

პარტიის ინფორმაციით, ერთ-ერთი მოსარჩელე, ვისი სახელითაც „გირჩს“ სარჩელი შეაქვს, სწორედ იმის გამო დააჯარიმეს, რომ მანქანაში შვილი გვერდით ეჯდა. მძღოლი სამი ათასი ლარით დააჯარიმეს მიუხედავად იმისა, რომ გვერდითმჯდომი შვილი მასთან ერთად, ერთ სახლში ცხოვრობს.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თეკლა დავითულიანიც ერთ-ერთია, ვისი საქმეც „გირჩის“ მიერ მომზადებულ სარჩელშია – ის ამბროლაურში, სამ კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრის წესის დარღვევისთვის, 3 აპრილს, საღამოს 6-ის ნახევარზე დააჯარიმეს.

„პარკში, სადაც, ჩვეულებრივ, ცოტა ხალხია ხოლმე, სასეირნოდ გასული თეკლა შეყვარებულს და მის ორ ნათესავს შეხვდა და სალაპარაკოდ გაჩერდა. პოლიციამ ოთხივე დააჯარიმა და მცირეხნიანი შეხვედრა ამ ადამიანებს 12 ათასი ლარი დაუჯდათ“, – ამბობენ პარტიაში.