„საგანგებო მდგომარეობა არ შესძენს მთავრობას ისეთ ინსტრუმენტებს, რაც დღეს არ გაგვაჩნია. ამ ეტაპზე გვაქვს ის ინსტრუმენტები, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ამ გამოწვევას ვუპასუხოთ და ასეც გავაგრძელებთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
გახარიას თქმით, გარკვეულ მომენტში შეიძლება დადგეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობაც და მთავრობა ამ გადაწყვეტილებასაც მიიღებს, თუმცა ამ მოცემულობას მის გარეშეც უმკლავდება.
„ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს – დღევანდელი მონაცემებით, იმ ობიექტური რეალობით და შეფასებებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა დღეს არ არის. ხვალ თუ ამის აუცილებლობა დადგება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს არის მართვის პროცესი, თუ როგორ ვებრძოლოთ ვირუსს. დღეს შესაბამისი ინსტრუმენტები ამ პროცესის მართვისთვის გვაქვს. როცა ეს ინსტრუმენტები აღარ გვექნება და აუცილებელი გახდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ამ ნაბიჯსაც გადავდგამთ“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დაწესებულ ახალ შეზღუდვებს, გახარიამ განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხვალიდან აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. მისი განმარტებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელების კერაასევე, სრულად შეიზღუდება სპორტდარბაზებისა და სხვადასხვა სპაცენტრების მუშაობა.