საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გამოსახლებები შეჩერებულია - წულუკიანი

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე აღსრულების ბიურო გამოსახლებების პროცესს არ აღასრულებს, რადგან პროცედურა ოჯახთან საცხოვრებელ ადგილზე მისვლას მოითხოვს.

„დღეს დილიდან მუშაობა განაახლა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ელექტრონული დისტანციური წესით და ერთადერთი, რასაც საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე და ვირუსის აღმოფხვრამდე აღსრულების ეროვნული ბიურო არ განახორციელებს, პირველ რიგში გამოსახლებებს, ვინაიდან ამგვარი საქმიანობა კავშირშია ოჯახსა და საცხოვრებელ ადგილას მისვლასთან“, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის განცხადებით, აღსრულების ბიუროს სხვა დანარჩენი სერვისი უკვე დილიდან გაიცემა, „ამისათვის საჭიროა, რომ გამარტივებული წესით მიმართოთ ელექტრონულ ფოსტაზე ან Facebook-ზე, ან თუ შეკითხვა გაგიჩნდათ, ცხელ ხაზზე მიიღოთ შესაბამისი ინფორმაცია. აღსრულების ბიურო გამარტივებული საქმიანობის პირობებში იმუშავებს ასლებით და თუკი მაინც დედანი დოკუმენტის მიტანა გახდა საჭირო, შექმნილი იქნება სპეციალური ადგილები, სადაც მოქალაქეები დოკუმენტების დატოვებას ბიუროს თანამშრომლებთან კონტაქტის გარეშე შეძლებენ“.

მინისტრის განცხადებით, დღეიდან მუშაობა განაახლა ნოტარიუსთა პალატამაც. მისი თქმით, ამ დროისთვის თბილისში 3 ადგილზე შეძლებთ სანოტარო მომსახურების მიღებას: უზნაძის N2-ში მდებარე ქორწინების სახლი, ასევე ეროვნულ არქივის შენობა და იუსტიციის სახლში მდებარე ქორწინების სახლი. თეა წულუკიანის განცხადებით,  სანოტარო მომსახურებები ხელმისაწვდომია ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმშიც.