დღეს სახელმწიფო არის გაცილებით უფრო მეტად მომზადებული. ჯანდაცვის სექტორი, ჰოსპიტალური სექტორი არის გაცილებით მეტად მომზადებული. თამამად შეგვიძლია ვთქვათ და ამასთან დაკავშირებით ვრცელდება არაერთგვაროვანი ინფორმაცია, რომ სრული კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება“, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მეზვრიშვილის თქმით, მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ აპირებს. მისივე თქმით, დღეს მთავრობა სრულად აკონტროლებს სიტუაციას.
„თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა და ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე. კიდევ ერთხელ საზოგადოებას გვინდა მოვუწოდოთ, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, უნდა გვეკეთოს პირბადე, უნდა დავიცვათ დისტანცია, თავი უნდა შევიკავოთ მაქსიმალურად არასაჭირო თავყრილობებში მონაწილეობისაგან“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.
ნათია მეზვრიშვილი განმარტავს, თუ რატომ მიიღო მთავრობამ საყოველთაო კარანტინის გადაწყვეტილება ეპიდემიის დასაწყისში და რატომ არ აცხედებს მთავრობა საგანგებო მდგომარეობას ამ ეტაპზე.
„ჩვენ, წლის დასაწყისში განვაცხადეთ, რომ ჯანდაცვის სისტემა იყო მოსამზადებელი და ამ მიზნით ჩვენ უნდა მიგვეღო ყველა საჭირო ზომა, რომ ვირუსის გავრცელების ზომა მაქსიმალურად შეგვეკავებინა“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.
მისივე განმარტებით, სწორედ ამიტომ გამოაცხადა მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა და სწორედ ამიტომ გააატარა განსაკუთრებით მკაცრი ზომები.
„დღეს არსებობს საზოგადოებაში კითხვის ნიშნები, რატომ იყო საგანგებო მდგომარეობა მაშინ გამოცხადებული, როცა 10-ჯერ ნაკლები შემთხვევა იყო და ამაზე პასუხი ძალიან მარტივია. იმიტომ, რომ ჩვენ უნდა მოგვემზადებინა სისტემა. იმიტომ, რომ ჩვენ სისტემის მოსამზადებლად მაქსიმალურად უნდა შეგვეკავებინა ვირუსის გავრცელება და ფაქტობრივად ჩვენ ეს შევძელით. სისტემა, შეგვიძლია დღეს ვთქვათ, რომ არის მომზადებული“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.