საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ფარგლებში, კონკრეტული შეზღუდვები დაწესდა.
- იზღუდება სატრანსპორტო მიმოსვლა:
- საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, შეჩერებულია ყველა სახის საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლა – საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო. ჩარტერული ფრენები იგეგმება საჭიროებისამებრ. შეწყვეტილია სამგზავრო მატარებლების მოძრაობა, შეუფერხებლად ხორციელდება მხოლოდ სატვირთო გადაზიდვები.
- იკრძალება საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა. ჩერდება შიდა საჰაერო მიმოსვლა მგზავრთა გადაყვანის მიზნით. საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში განხორციელდება მხოლოდ ჩარტერული ფრენები.
- თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის საზღვრებში შეჩერებულია შიდა მიმოსვლა – სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ ცენტრსა და სოფლებს შორის სამგზავრო გადაყვანაზე.
- საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21 აპრილამდე შეჩერდა სასწავლო პროცესი:
- შესაბამისი ტექნიკური რესურსის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაძლებელია დისტანციური სწავლება.
- საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ადმინისტრაციები ვალდებულნი არიან, 21 აპრილამდე იმუშაონ დისტანციური რეჟიმით, თუ მათი ადგილზე ყოფნა კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ არის.
- აიკრძალა ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი. მსგავსი ღონისძიებები დასაშვებია მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში.
- შესაძლებლობის ფარგლებში დასაშვებია ავტორიზაციის და აკრედიტაციის, ასევე, პროფესიული მომზადების და გადამზადების წესებით მოთხოვნილი ადმინისტრაციული წარმოების დისტანციურად წარმართვა. ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ვადები საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებულად ჩაითვლება.
- შეიზღუდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები:
- აიკრძალა ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ასევე – ღია სივრცეში.
- აიკრძალა ყველა ტიპის სპორტული ღონისძიება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, მათ შორის, წვრთნა, ვარჯიში.
- როგორც კულტურული, ასევე სპორტული ღონისძიებებისა და აქტივობებისთვის დასაშვებია მხოლოდ დისტანციური ფორმები.
- იზღუდება შეკრება, მანიფესტაცია და თავშეყრა.
- საჯარო სივრცეში აიკრძალა 10-ზე მეტი პირის თავშეყრა. საჯარო სივრცე ნიშნავს ნებისმიერ ადგილს როგორც გარეთ, ასევე – შენობებში და არ გულისხმობს კერძო პირის საცხოვრებელ ადგილს.
- აიკრძალა ყველა ტიპის სოციალური ღონისძიება, რომელიც 10-ზე მეტი პირის შეკრებას ითვალისწინებს, მაგალითად, ქელეხი, ქორწილი.
- 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია იმ კერძო დაწესებულებებში, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ. ისინი ვალდებულნი არიან, სამუშაო სივრცეში დაიცვან 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია და დაემორჩილონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს.
- იზღუდება ეკონომიკური საქმიანობა.
- რესტორნებს, კვების ობიექტებს, საწარმოებს, ეკრძალებათ მომსახურების სივრცეში მომხმარებლების დაშვება. აღნიშნული ტიპის ობიექტებს საქმიანობა შეუძლიათ მხოლოდ ადგილზე მიტანის ან ე.წ „დრაივის“ მომსახურებისთვის.
- შეჩერდა კლუბების, გასართობ-დასასვენებელი ცენტრების, კინოთეატრების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსების, სილამაზის სალონების, ღამის კლუბების საქმიანობა.
- აზარტული და მომგებიანი თამაშების მომსახურება აკრძალულია. აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ფორმით.
- სურსათის მწარმოებელი, გადამამუშავებელი ობიექტები ვალდებულნი არიან, სურსათის ნებისმიერი სახით დამუშავების დროს დაიცვან ტემპერატურული რეჟიმები; პერსონალმა გამოიყენოს პირბადე, თავსაბურავი და ხელთათმანი; პერსონალმა ხშირად, თხევადი საპნით და წყლით დაიბანოს ხელები; ერთჯერადი ხელსახოცით ხელის გამშრალების შემდეგ ხელები დაიმუშაოს არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ან სადეზინფექციო ხსნარით;
- სურსათის მწარმოებელ, გადამამუშავებელ ობიექტებს ევალებათ, უზრუნველყონ ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის ხშირი რეცხვა-დეზინფექცია, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისთვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;
- სურსათის მწარმოებელმა და გადამამუშავებელმა ობიექტებმა სამუშაოს დაწყების წინ უნდა გააკონტროლონ პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ტემპერატურა). სურსათის ნებისმიერი სახით დამუშავების დროს დაიცვან ტემპერატურული რეჟიმები;
- მიტანის სერვისის მიმწოდებელი ობიექტები ვალდებულნი არიან, სურსათი მოათავსონ ერთჯერად ტარაში, ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერების შემთხვევაში, ყოველი გამოყენების შემდეგ უზრუნველყონ რეცხვა-დეზინფიცირება; სურსათის ტრანსპორტირებისას დაიცვან შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი. პერსონალი აღჭურვონ პირბადითა და ხელთათმანით;
- საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტები ვალდებულნი არიან – პერსონალი აღჭურვონ პირბადითა და ხელთათმანით; ხშირად ჩაატარონ რეცხვა-დეზინფექცია და გააკონტროლონ მომხმარებლების მიერ სოციალური დისტანციის, არანაკლებ 2 მეტრის დაცვა.
- წესდება შეზღუდვები კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით:
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირველივე მოთხოვნისთანავე, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებული არიან, საქართველოს მოქალაქეების საქართველოში ჩამოყვანის და ტვირთის ტრანსპორტირების მიზნით განახორციელონ ჩარტერული ფრენები;
- უზრუნველყონ შესაბამისი პირების გადაყვანა საკარანტინო ზონებში, ხოლო ტვირთების გადაზიდვა – დანიშნულების ადგილებში.
- გამოყონ სასტუმრო და განთავსების მსგავსი საშუალებები შესაბამისი სერვისებით კარანტინში მოქალაქეთა განთავსებისა და მათთვის სათანადო პირობების შესაქმნელად.
- წესდება შეზღუდვები საჯარო სერვისების მიწოდებაზე;
- ჩერდება ან გადაიდება შენობების დემონტაჟი;
- ჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის და განხილვის ვადები;
- დგინდება ნოტარიუსების საქმიანობების განსხვავებული წესი;
საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს დასაშვებია:
- 10-ზე მეტი პირის თავშეყრა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ მას არ შეუჩერდა საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის გამო;
- 10-ზე მეტი პირის თავშეყრა სამედიცინო ან საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში;
- 10-ზე მეტი პირის თავშეყრასთან დაკავშირებული შეზღუდვა არ ეხება სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას;
- დასაშვებია სურსათის, ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაცია;
- ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდების ობიექტების საქმიანობა;
- სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია;
- საქმიანობის შეჩერება არ ეხება საქონლის, პროდუქტის საცალო/საბითუმო მიწოდება/რეალიზაციის ობიექტებს, თუ საცალო მიწოდება-რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით, ან ადგილიდან გატანით სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლის წვდომის გარეშე;
- საქმიანობის შეჩერება არ ეხება პრესის ჯიხურებს;
- დასაშვებია რესტორნების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებსა თუ ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების საქმიანობა მხოლოდ ადგილზე მიტანის ან პროდუქტის სატრანსპორტო საშუალებით გატანის მიზნით, სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლის შესვლის გარეშე.