შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინეს.
შსს-ს თანამშრომლებმა, 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 113 მოქალაქე დააჯარიმეს.
ასევე, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა.
უწყების ინფორმაციით, 1 იურიდიული და 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.
პოლიციამ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოავლინა.
ასევე, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 90 პირი დააჯარიმეს.
„საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.