საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - შსს

პუბლიკა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და, ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

პოლიციამ 8 აპრილის 21 საათიდან 9 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით 73 მოქალაქე დააჯარიმა.

„საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო სულ 15 მოქალაქე დაჯარიმდა.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 27 პირი დააჯარიმეს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა ისჯება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით – ფიზიკური პირის შემთხვევაში  3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – 15 000 ლარით.