საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის კიდევ 286 ახალი ფაქტი გამოვლინდა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და, ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 286 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

შსს-ს განცხადებით, 5 აპრილის 21 საათიდან 6 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით პოლიციამ 136 მოქალაქე დააჯარიმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 82 მოქალაქე დააჯარიმეს.

პოლიციამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად თვითიზოლაციის წესების დარღვევის 9 ახალი ფაქტი გამოავლინდა.

მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე სამართალდამცველებმა კიდევ 59 პირი დააჯარიმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა ისჯება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით – ფიზიკური პირი ჯარიმდება 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 15 000 ლარით.