საგანგებო პირობების დროსაც კი სოციალური მუშაკები ფეხით გადაადგილდებიან სამსახურში, – განცხადებას სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ავრცელებს და მოითხოვს, რომ დაუყოვნებლივ მოიძებნოს რესურსი და სოციალური მუშაკები როგორც საგანგებო მდგომარეობის დროს, ისე მისი დასრულების შემდეგ უზრუნველყოფილი იყვნენ გადაადგილების საშუალებით.
„შეგახსენებთ, სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკებს 8-დღიანი გაფიცვა დასჭირდათ იმისათვის, რომ დამსაქმებელს მათთვის გადასაადგილებელი ტრანსპორტი გამოეყო. ისევ და ისევ ბენეფიციართა დროულად დასახმარებლად!
2020 წლის 1-ლი თებერვლიდან განხორციელებული რეორგანიზაციის საფუძველზე, სოციალურმა მუშაკებმა თავიანთი ფუნქცია-მოვალეობებით სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოში გადაინაცვლეს. ამავე რეორგანზიაციის მიზეზით ჯერ სამსახურიდან 33 სოციალური მუშაკი გაათავისუფლეს (კადრების უკიდურესი სიმწირის ფონზე) ხოლო შემდეგ სოციალურ მუშაკებს გამოყოფილი მანქანებით სარგებლობა შეუზღუდეს.
აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები დარჩა სოციალური მომსახურების სააგენტოს განკარგულების ქვეშ, ხოლო ახალმა ზრუნვის სააგენტომ სოციალურ მუშკებს განუცხადა, რომ არ აქვს მათი ტრანსპორტირებით უზრუნველყოფის საშუალება.
საგანგებო პირობების დროსაც კი სოციალური მუშაკები ფეხით გადაადგილდებიან სამსახურში.
დაუშვებელია კრიზისში წინა ხაზზე მდგომი პროფესიონალების ამგვარი დამცირება, შეურაცხყოფა და ხელისშეშლა სამუშაოს შესრულებაში”, – ვკითხულობთ განცხადებაში.