საგანგებო რეჟიმის დამრღვევების მისაღებად საპატიმროების სისტემა მზად იქნება - წულუკიანი

პუბლიკა

„თქვენ გახსოვთ, რომ როდესაც პირი არის დაჯარიმებული და განმეორებით დაარღვევს წესს, გათვალისწინებულია ასევე საპატიმრო სასჯელიც. მე მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ქართული საპატიმროების სისტემა იქნება სრულად მზად იმისთვის, რომ ასეთი პირები მიიღოს, ამისთვის ცალკე გამოყოფილ დაწესებულებაში”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ სულ ორ-სამ დღეში გვექნება ცალკე თავისუფალი დაწესებულება იმისთვის, რომ თუკი ჩვენს კოლეგებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დასჭირდებათ უკვე ჯარიმამისჯილი პირის მიერ წესის ხელახლა დარღვევის შემთხვევაში პირის დაპატიმრება, ჩვენ ასეთი პირების მიღებას საპატიმროებში უპრობლემოდ შევძლოთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოში მოქმედი რეგულაციით, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია შემდეგი სანქცია:

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა – ჯარიმა ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის – 15 000 ლარის ოდენობით.

ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.