შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და, ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
„პოლიციამ 7 აპრილის 21 საათიდან 8 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 121 მოქალაქე დააჯარიმა.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 4 მოქალაქე დააჯარიმეს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ასევე, შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევაზე კიდევ 31 პირი დააჯარიმეს.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.