საგანგებო სამსახურში მეხანძრე-მაშველთა სპეციალური სასწავლო ცენტრი შეიქმნება | კანონში ცვლილებები

პუბლიკა

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი.

ცვლილებების თანახმად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში შეიქმნება მეხანძრე-მაშველთა სპეციალური სასწავლო ცენტრი, რომელიც აღიჭურვება მეხანძრე-მაშველთა სწავლებისთვის საჭირო შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბაზა უზრუნველყოფს მეხანძრე-მაშველთა სრულყოფილ მომზადებას და გადამზადებას.

ამ ეტაპზე მეხანძრე-მაშველთა სწავლებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ახორციელებს.

„გარდა ამისა, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა მეხანძრე-მაშველთა წახალისების ახალი ფორმები. კერძოდ, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის, წახალისების ფორმით, მეხანძრე-მაშველის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სამსახურის ჟეტონით დაჯილდოვება. ასევე, მიღებული კანონით დარეგულირდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურში მიღებასა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.