საგანგებო: შტორმის გამო თავი შეიკავეთ სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზღვისპირა რეგიონებში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, შტორმისა და უამინდობის გამო, თავი შეიკავონ სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან.

„საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი ქარის, უხვი ნალექისა და შტორმის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მობილიზებული არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად და კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს”. აცხადებს უწყება.

ფოთში სტიქიამ უკვე მოიტანა უარყოფითი შედეგები ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, დაზიანებულია მანქანები, დაზარალებულები დახმარებას მოითხოვენ. მძიმე ვითარებაა ოკუპირებულ აფხაზეთში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 5-6 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშრიებისა და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.