საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა მდინარე მტკვარში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გადავარდნილი ავტომობილი და მასში ორი მგზავრის ცხედარი იპოვეს.
მათივე ცნობით, გრძელდება ერთი ადამიანის ძებნა-შველის ოპერაცია.
„ცხედრები წყლიდან უკვე ამოასვენეს და მათ უტარდებათ ყველა შესაბამისი, სამართლებრივი პროცედურა. მდინარე მტკვრის ფსკერიდან ამოტანილია ავტომობილიც.
ერთი პიროვნების ძებნა-შველის ოპერაცია კი, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
სამაშველო ღონისძიებაში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართული არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფები.
შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა”, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყებაში ამბობენ, რომ ძებნა-შველის ოპერაციის დროს, ასევე, ნაპოვნია მამაკაცის და ქალის ცხედრები, რომლებიც გადასვენებულია ექსპერტიზაზე.
14 მაისს, გამთენიას, მტკვარში ავტომობილი გადავარდა, რომელშიც 4 მგზავრი იმყოფებოდა, 1 პირი მაშველებმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი – 2002 წელს დაბადებული ი.ს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ს.-მ მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა”, – აცხადებს შსს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.