დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია მიმოიხილა და შესაძლო რისკზეც ისაუბრა.
ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა მთავრობის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლის შემდეგ იყო ის, თუ რამდენად მოსალოდნელია მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. მინისტრმა განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის საგანგებო სიტუაციის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს:
„რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ჩვენ ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. ამ ეტაპისთვის არ მივიჩნევთ საჭიროდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ვინაიდან ყველა ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა დადგენილ პაციენტებთან, არის აღრიცხული და მათზე მიმდინარეობს მონიტორინგი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთან დაფიქსირდება პაციენტი, რომლის წყაროც არ იქნება იდენტიფიცირებული, ეს, რა თქმა უნდა, შეიტანს რისკს იმაში, რომ ინფექცია ვრცელდება კონტროლის გარეშე და ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს”, – განაცხადა ტიკარაძემ
მინისტრმა არსებული ეპიდსიტუაციაც მიმოიხილა და ჟურნალისტებს დღემდე არსებულ მონაცემებზეც ესაუბრა:
„ამ ეტაპისთვის დაწყებული იანვრიდან სულ საკარანტინო რეჟიმი და თვითიზოლაცია გაიარა 2 000-მდე ადამიანმა. აქედან კარანტინში იმყოფებოდა 426 ადამიანი, რომელთაგან 263-მა უკვე დატოვა ის და მას სტატუსი აქვს ჯანმრთელი ადამიანის. ჩვენთან სამკურნალოდ იმყოფება 24 პაციენტი, რომელთა მდგომარეობაც არის დამაკმაყოფილებელი და მხოლოდ 4 პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო, მაგრამ ექიმებს აქვთ მყარი რწმენა, მათი შედეგი იქნება დადებითი. ჩვენ დაახლოებით 10 დღეში ველოდებით შესაბამის პასუხებს, როდესაც უკვე არ დაუდასტურდებათ ანალიზის შედეგად კორონავირუსი, როგორც დადებითი ინფექცია“,- – განაცხადა მინისტრმა.
ჟურნალისტებმა მინისტრს ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის მიერ გუშინ „ტვ პირველის” ეთერში პანდემიურ სიტუაციაში სამი შესაძლო სცენარის თაობაზე განცხადების შესახებ ჰკითხეს. ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, თუ რას შეიძლება გულისხმობდეს ეს სამი სცენარი:
„ეს სამი სცენარი ნიშნავს, როდესაც მსუბუქად გადავივლით ჩვენ საქართველოში ამ პანდემიას და ინფექციის გავრცელება და პაციენტების რაოდენობა იქნება ნაკლები, რაც შეიძლება იყოს შედარებით ხანგრძლივი პროცესი. ასევე არის საშუალო სცენარი, რომელიც შეიძლება გრძელდებოდეს 12 კვირის განმავლობაში, რომელიც გულისხმობს რამდენიმე ასეულ პაციენტს ქვეყანაში და არსებობს უფრო რთული სცენარი, როდესაც ჩვენ შეიძლება გვყავდეს დაახლოებით 400-მდე მძიმე პაციენტი, რომლის მართვაც, რა თქმა უნდა, არ იქნება ადვილი, მაგრამ ჩვენი ინფრასტრუქტურა და საექიმო სტაფი უკვე მომზადებული გვყავს იმისათვის, რომ ამ საგანგებო მდგომარეობაში შესაბამისად შევძლოთ მუშაობა“, – განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოში დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 24 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.