საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორმა მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდან 1.4 მილიონი ლარი მიიღო - TI

პუბლიკა

საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდან 1.4 მილიონი ლარი მიიღო, – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” სახელმწიფო შესყიდვების პროცესის მონიტორინის ანგარიშს აქვეყნებს.

ორგანიზაცია ამბობობ, რომ კორუფციის სავარაუდო ნიშნების არსებობის გამო ამჯერად მათი ყურადღება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამარტივებულმა შესყიდვებმა მიიპყრო, სადაც ტენდერებს და გამარტივებულ შესყიდვებს საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის, ოთარ ჩალათაშვილის ბიზნესპარტიორი, ოთარ ბუზარიაშვილი იღებს.

TI წერს, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ოთარ ბუზარიაშვილის გააქტიურება პირდაპირ უკავშირდება ოთარ ჩალათაშვილის თანამდებობაზე დანიშვნას.

„ოთარ ჩალათაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აირჩიეს. მისი კომპანიის, შპს „ჩალიუსის“  დირექტორმა, ოთარ ბუზარიაშვილმა, 2018 წლის ივნისში დააფუძნა კომპანია, შპს „ახალი კომპანია 2018“ . ამ კომპანიამ,  2019 წელს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 23 გამარტივებული შესყიდვა მიიღო, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 1,336,748.77 ლარი შეადგინა, 2019 წლის სექტემბერში კი 67,248.36 ლარის ღირებულების ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო”, – ვკითხულობთ  TI-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ოთარ ბუზარიაშვილის საქმიანობა სახელმწიფო შესყიდვებს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც თანამდებობაზე ოთარ ჩალათაშვილი აირჩიეს – ბუზარიაშვილის კომპანიას, შპს „ახალი კომპანია 2018“-ს  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გარდა არ უფიქსირდება არანაირი აქტივობა. მას არ მიუღია არცერთი ტენდერი და გამარტივებული შესყიდვა სხვა მუნიციპალიტეტში.

ოთარ ჩალათაშვილის ბიზნესპარტნიორმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტისგან, 2019 წელს, 1,403,997.13 ლარი მიიღო მაშინ, როდესაც სხვა წლებში ოთარ ბუზარიაშვილსა და მის კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღიათ.

2019 წელს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებულ შესყიდვებში, ჯამში, 3,470,955.62 ლარი დახარჯა, ხოლო სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული გამარტივებული შესყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 2,638,959.8 ლარი შეადგინა, რომლის 50.65% სწორედ ბუზარიაშვილის კომპანიამ მიიღო.

შპს „ახალი კომპანია 2018“-ის მიერ მოგებული 23 გამარტივებული შესყიდვიდან 8-ის ღირებულება 50 ათას ლარს აღემატება, ხოლო 5 მათგანის ღირებულება – 100 ათას ლარს. ასევე, ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ ოთარ ბუზარიაშვილის კომპანია რამდენიმე გამარტივებულ შესყიდვას იღებს ერთსა და იმავე დღეს, დროის ძალიან მცირე ინტერვალებით”, – წერს TI.