საგარეჯოში ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღით სავარაუდოდ, თავი მოიკლა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

უწყების ცნობით, მანამდე, მან ბინის აივნიდან სროლის შედეგად  მოკლა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი, 5 კი დაჭრა. დაღუპულთა შორის ერთი პოლიციელია.

„გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.

ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მოხდა პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება, ასევე ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელთა მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ადგილზე მუშაობას იწყებენ გამნაღმველები და დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება”, – წერს შსს.