საგარეჯოში დაჭრილებიდან ერთი მართვით სუნთქვაზე რჩება, ორის მდგომარეობა სტაბილურია - ექიმი

პუბლიკა

„ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მამუკა ოთიაშვილის განცხადებით სამი დაჭრილიდან ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთი მათგანი კი მართვით სუნთქვაზე რჩება. რაც შეეხება დაჭრილს, რომელიც თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრში მკურნალობს, მას კლინიკიდან დღეს გაწერენ.

„ამჟამად 3 ავადმყოფი განაგრძობს მკურნალობას, ორის მდგომარეობა სტაბილურია და პალატაში აგრძელებს მკურნალობას, ერთი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში რჩება მართვით სუნთქვაზე. მისი მდგომარეობა შედარებით დასტაბილურებულია, თუმცა რჩება კრიტიკულად მძიმე პაციენტად“, – განაცხადა მამუკა ოთიაშვილმა.

თბილისში გადმოყვანილ პაციენტზე კავკასიის მედიცინის ცენტრში აღნიშნავენ, რომ მას თვალი შეუნარჩუნდა.

„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, 1 საათში გაეწერება ბინაზე, მედიკამენტოზური მკურნალობით. მძიმე ტრავმა იყო, ამ ეტაპზე აღდგა თვალი, დანარჩენს დრო გვიჩვენებს და როგორ იქნება. თვალი არ დაუკარგავს პაციენტს და დრო გვინდა, რომ პროგნოზი გავაკეთოთ მხედველობასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ კავკასიის მედიცინის ცენტრში.


20 იანვარს საგარეჯოში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა. შსს-ს ცნობით, საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.