საგარეჯოში დაჭრილი 2 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთი მართვით სუნთქვაზეა

პუბლიკა

ჯეოჰოსპიტალსის დირექტორის, მამუკა ოთიაშვილის ინფორმაციით, საგარეჯოში სროლისას დაჭრილი 2 ადამიანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პალატაში აგრძელებენ მკურნალობას. 24 წლის ბიჭი კი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„ორი პაციენტის მდგომარეობა ამ დილისთვის დამაკმაყოფილებელია. ბატონი გიორგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ის რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას. დაზიანებებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით მდგომარეობა დასტაბილურებულია, თუმცა გართულებიდან გამომდინარე, რჩება მეთვალყურეობისა და მკურნალობის ქვეშ მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში. ორი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც პალატაშია მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ბატონი გიორგის მდგომარეობა მძიმეა და არ შემიძლია პროგნოზების წინასწარ გაკეთება”- ამბობს ექიმი „მთავარ არხთან“ საუბრისას.

20 იანვარს საგარეჯოში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა. შსს-ს ცნობით, საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.