„ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს ფილიალის დირექტორის, მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, საგარეჯოში სროლის შედეგად კლინიკაში დღეს 6 დაჭრილი შეიყვანეს. მათ შორის პოლიციელი გარდაცვლილია, ერთი მათგანი გადაყვანილია თბილისის სპეციალიზებულ კლინიკაში. ექიმის თქმით, 21 წლის პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
„ამჟამად კლინიკაში 4 ავადმყოფი რჩება, აქედან 3-ის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის მდგომარეობა კი, კრიტიკულად მძიმე, რომელიც ამ ეტაპისთვის, ოპერაციის შემდგომ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას განაგრძობს. მას აქვს ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობები მუცლის ღრუს და მარჯვენა ბარძაყის მიდამოში. დაზიანებულია არტერია და ვენა, რომლის აღდგენაც გაკეთდა. ამ ეტაპზე მკურნალობას განაგრძობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში”, – განაცხადა მამუკა ოთიაშვილმა.
ოთიაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი ოთხი პაციენტიდან სამი კონტაქტურია, ისინი სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს.
საგარეჯოში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა. შსს-ს ცნობით, საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.