საგარეჯოში მომუშავე ექთანს სიღრმისეული კვლევების შედეგად COVID-19 არ დაუდასტურდა

პუბლიკა

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალისა“ და ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ექთანს ლუგარის ლაბორატორიაში სიღრმისეული კვლევების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. როგორც ბოჭორიშვილის კლინიკაში „პუბლიკას“ განუცხადეს, ექთანი კლინიკიდან უკვე გაეწერა.

„მესამედ ტესტირების გაკეთება იმიტომ გახდა აუცილებელი, რომ ჯერ პირველი პასუხი იყო დადებითი, აუცილებელი გახდა შემდეგი ტესტები. მეორე რომ უარყოფითი იყო, მესამედ ტესტის გაკეთებაც გახდა საჭირო, რათა დაედასტურებინათ, რომ ნამდვილად უარყოფითი პასუხი იქნებოდა. არავითარი სიმპტომი არ მქონია, უბრალოდ, ალბათ ტესტი შეცდა.

ცალკე პალატაში ვიყავი ყველასგან იზოლირებულად. გეგმურად ჩამიტარდა ტესტირება, როგორც ყველა მედპერსონალს. მეც მათთან ერთად ჩამიტარდა კვლევა და იქ დამიდასტურდა ეს პასუხი. უკვე დავტოვე კლინიკა“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს სატელეფონო საუბრისას ექთანმა.

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალისა“ და ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ექთანს რამდენიმე დღის წინ სწრაფი ტესტით covid-19-ის არსებობა დაუდასტურდა, ხოლო PCR-ტესტმა ვირუსის არსებობაზე უარყოფითი შედეგი აჩვენა, რის გამოც სიღრმისეული კვლევების ჩატარება გადაწყდა.