საგარეჯოში „ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაარბიეს - შსს-მ გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, გუშინ გვიან ღამით ორგანიზებული ჯგუფი შევარდა პარტიის საგარეჯოს ოფისში და დაარბია.

მისივე თქმით, მთლიანად განადგურებულია ტექნიკა და ინვენტარი.

როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით დაიწყო: მუხლი 160-ე (ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება)

„გუშინ, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, როდესაც ის საუბრობდა საყოველთაო ეროვნულ თანხმობაზე, ამის შემდეგ მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ განცხადება, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გამოთქვა მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ საკითხებზე შემდგარიყო თანხმობა და რეალურად გვემოქმედა ერთად, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეხებოდა. მეორე მხრივ, სულ სხვა რამეს ვხედავთ, ფაქტს გეტყვით, წუხელ, გვიან ღამით ორგანიზებული ჯგუფი შევარდა „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეჯოს ოფისში და დაარბია. მთლიანად განადგურებულია ტექნიკა, ინვენტარი“,- განაცხადა ბოტკოველმა პლენარულ სხდომაზე.

„მთავარი არხის“ ცნობით, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ შემთხვევა “ალტ-ინფოს” წარმომადგენლების მიერ, ხელისუფლების ხელშეწყობით განხორციელებულ შურისძიებას უკავშირდება. მათი თქმით, გუშინ, “კონსერვატიული ორგანიზაციის” საგარეჯოს ოფისის გაუქმებას საპროტესტო აქციაზე, სხვებთან ერთად, ენმ-ც ითხოვდა.