საგარეო: ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა მორიგი უკანონო ქმედებაა

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას ეხმაურება.

უწყების განცხადებით, ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია არის მორიგი უკანონო ქმედება და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

საგარეო უწყება ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია.

შესაბამისად, სამინისტრო მიუთითებს, რომ აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება”. – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 27 დეკემბერს, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პარლამენტმა ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა დაამტკიცა.

ე.წ პარლამენტს საკითხზე დღეს უნდა ემსჯელა. თუმცა, მათ შენობაში ღამე გაათენეს და კენჭისყრა დილის 6:00 საათზე ჩაატარეს.

შენობის გარეთ ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტები იყვნენ შეკრებილი. ისინი აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებდნენ.

აფხაზური მედიის, „ნუჟნაია გაზეტას” ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ პარლამენტის მიერ მხარდაჭერილ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

2022 წლის იანვარში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მთავრობასა და რუსეთს შორის საიდუმლო ვითარებაში გაფორმდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც,  სამთავრობო აგარაკი „ბიჭვინთა” რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადავა. კერძოდ: ოკუპანტი ქვეყნის მფლობელობაში 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი გადადის.

ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა. დოკუმენტი რუსეთისთვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას ითვალისწინებს.

17 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ბიჭვინთაში რეზიდენციის მოწყობა უნდა.