საგარეო ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის შესაძლო განთავსებაზე შეშფოთებას გამოთქვამს

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის, ასლან ბჟანიას მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, რომლის თანახმადაც, ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზა განთავსდება.

უწყების განცხადებით:

შეშფოთებას გამოთქვამთ სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი სამხედრო ბაზის განლაგების და რუსეთის მიერ ინიციირებულ ინტეგრაციულ პროცესებში საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ.

მსგავსი ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისაკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ მცდელობას.

საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების”, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თქმით, რუსეთი ოჩამჩირეში მუდმივ საზღვაო სამხედრო ბაზას განათავსებს.

რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან” ბჟანიამ განაცხადა, რომ შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

ბჟანიასვე თქმით, „აფხაზეთში უკვე ჩასულია ძალიან თანამედროვე გემი სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით და უახლოეს მომავალში ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა განლაგდება”.

საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა ასევე თქვა, რომ „რუსეთი აგრძელებს მხარდაჭერას და აძლევს შესაძლებლობას აფხაზ სპეციალისტებს, აიმაღლონ კვალიფიკაცია რუსეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებში”.

„მოსკოვისა და სოხუმის ურთიერთქმედება სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის კუთხით მიზნად ისახავს როგორც რუსეთის, ასევე აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის დონის ამაღლებას“, – ამბობს ბჟანია.

„იზვესტიასთან“ ინტერვიუშივე მან შეაქო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მის პოლიტიკას პრაგმატული უწოდა.

„საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, ვგულისხმობ პრემიერმინისტრს და მის გუნდს და არა პრეზიდენტს – ისინი პრაგმატული ადამიანები არიან“, – თქვა მან.

2023 წლის 21 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით, ოკუპირებული აფხაზეთის ოთხ ქალაქში ჩატარდა „რუსულ-აფხაზური ერთობლივი სამხედრო სპეცდანიშნულების, საფრენოსნო და ტაქტიკური წვრთნები, რომლებიც მიზნად ისახავდა ჯარების და ძალების საველე მომზადების დონის ამაღლებას, მათი მოქმედებების კოორდინაციას საბრძოლო დავალების შესრულებისას.

აფხაზეთის ოკუპაცია 1993 წელს, 13-თვიანი ომის შემდეგ მოხდა. 2008 წლის აგვისტოს ომიდან მალევე, 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა. როგორც ბჟანია ამბობს, სამხედრო ბაზის განთავსება ამ მოვლენის 15 წლის თავს უკავშირდება.