საგარეო: რუსეთის მხარეს მოვუწოდებთ თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

საქართველოს საგარეო უწყება ამბობს, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე საუბრისას არ განხილულა „კოვიდ 19“ ვაქცინის საკითხი, ისევე როგორც 2019 წლის ივნისის მოვლენები და მით უმეტეს არ „დადასტურებულა ორმხრივი განწყობა ანტირუსული პროვოკაციის შედეგების გადალახვაზე“.

“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას და თავისი შინაარსითა და მოწოდებით არაფორმალური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული ფორმატის პოლიტიკური მიზნებისა და პროპაგანდისათვის გამოყენებას”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

“რუსეთის მხარეს მოვუწოდებთ თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან და თავისი პოზიციები დააფიქსიროს ამისათვის განკუთვნილ ადგილზე – ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, სადაც ქართული მხარისაგან მიიღებს შესაფერის პასუხს” – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, “ორივე მხარე იზიარებს აზრს, რომლის მიხედვითაც, 20 ივნისს ნაციონალისტური დაჯგუფებების მიერ ორგანიზებული ანტირუსული პროვოკაცია განხორციელდა”.