საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას შეხვდა

პუბლიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში, უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დარჩიაშვილმა დმიტრო კულებას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ომი მალე დასრულდება და ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს.

„მინისტრმა ხაზი გაუსვა ასოცირებული ტრიოს როლს რეგიონში და სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს. მინისტრები მიესალმნენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიწვევას, როგორც ამ ქვეყნების მიმართ ევროკავშირის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერის გამოხატულებას.

აღინიშნა ევროკომისიის გადაწყვეტილება ტრიოს ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის თაობაზე, მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნების მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

დღეს ილია დარჩიაშვილი მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრს ნიკუ პოპესკუსაც შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს ასოცირებული ტრიოს როლი და მნიშვნელობა ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგის პირობებში. აქცენტები გაკეთდა ამ კუთხით ერთობლივი სამომავლო ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობაზე.

„ილია დარჩიაშვილმა და ნიკუ პოპესკუმ ასევე განიხილეს საქართველო-მოლდოვას ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა აქტუალური საკითხები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის – ჩეხეთის მიწვევით, 30-31 აგვისტოს პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ე.წ გიმნიხის შეხვედრაში მონაწილეობს.