საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

პუბლიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და განმარტავს, თუ ვის გამომგზავრებას უზრუნველყოფს მთავრობა იტალიიდან.

მათი ინფორმაციით, გადაწყვეტილება არ ეხებათ იტალიაში მუდმივად მცხოვრებ, ან ხანგრძლივი სამსახურებრივი, ან სასწავლო მიზნით მყოფ საქართველოს სხვა მოქალაქეებს, თუ ისინი არ გეგმავდნენ საქართველოში დაბრუნებას ფრენის გაუქმებიდან მომდევნო ორი კვირის პერიოდში.

„სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს იმ მოქალაქეების გამომგზავრებას საქართველოში, რომლებსაც უახლოესი 2 კვირის განმავლობაში შეძენილი ჰქონდათ დასაბრუნებელი ბილეთი და ფრენების გაუქმების გამო ვერ შეძლეს საქართველოში დაბრუნება.

კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ ეხებათ იტალიაში მუდმივად საცხოვრებლად მყოფ, ან ხანგრძლივი სამსახურებრივი, ან სასწავლო მიზნით მყოფ საქართველოს სხვა მოქალაქეებს, თუ ისინი არ გეგმავდნენ საქართველოში დაბრუნებას ფრენების გაუქმებიდან მომდევნო ორი კვირის პერიოდში“,  – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც რჩებიან იტალიის რესპუბლიკაში, მაქსიმალურად დაიცვან ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იტალიის მთავრობის მიერ შემუშავებული პროტოკოლი, იყვნენ თვითიზოლაციაში, მოერიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს და დაიცვან ჰიგიენის დადგენილი წესები.

უწყება ასევე მოუწოდებს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბრუნდებიან, როგორც იტალიის, ასევე სხვა მაღალი რისკის ზონის ქვეყნებიდან (ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან) და ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მაღალია ინფიცირების შემთხვევები, რომ დაიცვან დადგენილი პროცედურები.

2020 წლის 6 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება იტალიის რესპუბლიკასთან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერების შესახებ.