საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამათავისუფლეს - ნატა ქორიძე

პუბლიკა

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ნატა ქორიძე წერს, რომ სამსახურიდან რეორგანიზაციის მოტივით გაათავისუფლეს. როგორც ის აღნიშნავს, დამსაქმებელმა განუცხადა, რომ სამინისტროში უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიცია უქმდება.

„გასულ კვირას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაკავებული თანამდებობიდან გამათავისუფლეს: რეორგანიზაციის შედეგად შენი თანამდებობა (უსაფრთხების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიცია) უქმდებაო.

ვისაც უმუშავია სახელმწიფო სექტორში, იცის, სიტყვა რეორგანიზაცია განსაკუთრებული, ორაზროვანი შინაარსის მატარებელია. ასე იყო და ასე დარჩა.

საგარეოში 17 წლის წინ კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ მოვედი, ატაშეს (ყველაზე დაბალი დიპლომატიური პოსტი) პოზიციაზე, კონკურსის გავლით და ყველა წესის დაცვით. ამ წლების მანძილზე ვმუშაობდი ჩემი ქვეყნისთვის ყველაზე აქტუალურ, საინტერესო, საჭირბოროტო და საკვანძო მიმართულებებზე: ევროინტეგრაციაზე, რუსეთთან კონფლიქტის და არაღიარების პოლიტიკის საკითხებზე, ხოლო ბოლო 10 წელი – NATO-ში ინტეგრაციაზე.

დიდი ბედნიერებაა, როცა მუშაობ რაღაც დიდი მიზნის მისაღწევად, რომლისაც გჯერა მთელი გულით და გრძნობ, რომ შენი ცოდნა, უნარები და გამოცდილება შეგიძლია მოახმარო ამ მიზანს. და ასევე, რა თქმა უნდა, როდესაც გრძნობ, რომ ამ ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებაზე მოთხოვნა არსებობს.

არ მეგონა, რომ ასე დასრულდებოდა ჩემი საქმიანობა ჩემს სამინისტროში. ყოველთვის მჯეროდა და ახლაც მჯერა რომ ჩემი ქვეყანა აუცილებლად გახდება NATO-ს და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა მინდა“, – წერს ქორიძე.

ნატა ქორიძის მეუღლე პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძეა.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რეორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.