საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ლიეტუვის, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები და ლატვიის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, დარიუს ვიტკაუსკასი, მარგე მარდისალუ-კაჰარი და ლოლიტა ლენკევიჩი დაიბარეს. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციაში უწყება აცხადებს, რომ შეხვედრაზე შეშფოთება გამოითქვა სამი ქვეყნის მიერ, საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სამართალდამცველების დასანქცირების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო.
„აღინიშნა, რომ ეს ნაბიჯი არ შეესაბამება ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩარჩოებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო არის საერთაშორისო ნორმების ერთგული და საქართველოს საელმწიფო ორგანოები მოქმედებენ კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, იმისათვის რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.
მიუღებელია განცხადებები, რომელიც მიმართულია სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუტების საქმიანობაზე ზემოქმედების მოხდენისკენ და აღიქმება, როგორც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ევროკავშირთან ურთიერთობების დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენოს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე, არ ნიშნავს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას და მიზნად ისახავს აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე დამაზიანებელი სპეკულაციების აღკვეთას.
საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე დაფუძნებულ ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს, რაც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას უკეთ იყოს მომზადებული ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების სწრაფად წარმართვისთვის, შესაბამისად განცხადებები, საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
1 დეკემბერს ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ მათი ქვეყნები ერთობლივად შეთანხმდნენ, დაუწესონ ეროვნული სანქციები მათ, „ვინც ახშობს ლეგიტიმურ პროტესტს საქართველოში”.
ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ბიძინა ივანიშვილი, ასევე შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილეები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაასანქცირა.
ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში შესვლა აეკრძალათ შემდეგ პირებს:
- ბიძინა ივანიშვილი;
- ვახტანგ გომელაური – შს მინისტრი.
- შალვა ბედოიძე – შს მინისტრის მოადგილე;
- იოსებ ჭელიძე – შს მინისტრის მოადგილე;
- ალექსანდრე დარახველიძე – შს მინისტრის მოადგილე;
- იოსებ ბუთხუზი – შს მინისტრის მოადგილე;
- ზვიად ხარაზიშვილი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
- მილერი ლაგაზაური – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
- მირზა კეზევაძე – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
- ვაჟა სირაძე – საპატრულო პოლიციის უფროსი;
- თეიმურაზ კუპატაძე – კრიმინალური პოლიციის უფროსი.