საგარეო უწყება დავით ზალკალიანის აშშ-ის ელჩის თანამდებობიდან გადადგომას უარყოფს 

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს „მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დავით ზალკალიანი აშშ-ის ელჩის თანამდებობიდან გადადგა.

საგარეო არაფერს ამბობს კონფლიქტზე კობახიძესა და ზალკალიანს შორის.

„მთავარი არხის“ ცნობით, აშშ-ში პრემიერ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს ელჩს დავით ზალკალიანს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ზალკალიანმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

აშშ-ში ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმეს. ინფორმაცია თავდაპირველად „ამერიკის ხმამ” გაავრცელა, მოგვიანებით კი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ 22 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი უნდა დასწრებოდა ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.