საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ეუთოს სამდივნოს და მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართავს,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და მუდმივი წარმომადგენლობა ეუთო-სა და ქ. ვენაში სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გამოხატავს თავის ღრმა პატივისცემას ეუთო-ს სამდივნოს მიმართ და აქვს პატივი, გამოხატოს საქართველოს მთავრობის შეშფოთება ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის განხორციელებული პროგრამის ფარგლებს მიღმა, რომელიც მოიცავდა შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან, საოკუპაციო ხაზზე ვიზიტს და შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელთან, მინისტრი ელინა ვალტონენი შეუერთდა ანტისამთავრობო აქტივისტთა მცირე ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქუჩის აქციას, რომლებმაც 14 ოქტომბერს თავისუფლად, თუმცა არალეგალურად, გადაკეტეს თბილისის მთავარი გამზირი. მინისტრი ვალტონენის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადება, რომელიც არ ასახავს რეალობას, წარმოადგენს შეგნებულ მცდელობას, შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ.
ეს ქმედებები ეწინააღმდეგება ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის სულისკვეთებას და შეიძლება, ჩაითვალოს თავმჯდომარის მანდატის ბოროტად გამოყენებად, რაც აზიანებს ნდობასა და მოსალოდნელ ნეიტრალიტეტს.
აღნიშნული ქმედებები შეუთავსებელია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან, რომელთა შორისაა – სუვერენიტეტის პატივისცემა და შიდა საქმეებში ჩაურევლობა, როგორც ეს ასახულია ჰელსინკის დასკვნით აქტში, გაეროს A/RES/20/213 რეზოლუციაში, ეუთო-ს წესებსა და პროცედურებში და ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის სულისკვეთებას.“
14 ოქტომბერს ელინა ვალტონენი დელეგაციის წევრებთან ერთად რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მივიდა და გაესაუბრა აქციის მონაწილეებს. მოგვიანებით მან X-ზე რუსთაველის გამზირზე გადაღებული ვიდეოც გაავრცელა და აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
15 ოქტომბერს „ოცნების“ მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომ „კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობის“ გამო, ირაკლი კობახიძემ ელინა ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა. ამავე დღეს ფინურმა გამოცემა Helsingin Sanomat-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ელინა ვალტონენმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა თავად გააუქმა.
დღეს „ქართული ოცნების“ პრემიერის განცხადებას თავად ელინა ვალტონენი გამოეხმაურა და კობახიძე ფინეთში მიიწვია, რათა შეხვდეს თავისუფალ მედიას და დააკავრიდეს მისთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას.
„P.S. ბოდიში, დატვირთული გრაფიკის გამო თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება მომიწია”, – დაწერა X-ზე ელინა ვალტონენმა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ელინა ვალტონენი გზის გადაკეტვის საბაბით 5 000 ლარით დააჯარიმეს.