საგარეო: „ვაკვირდებით, ვიმედოვნებთ, მომავალი პროცესები ვენესუელელი ხალხის ინტერესების შესაბამისად განვითარდება“

პუბლიკა

„ყურადღებით ვაკვირდებით ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს იმ იმედით, რომ მომავალი პროცესები ვენესუელელი ხალხის ინტერესების შესაბამისად განვითარდება“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„იმის გათვალისწინებით, რომ ვენესუელის ხელისუფლებამ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, გამოვთქვამთ იმედს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ამ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევს, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გუშინ, 3 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის წინააღმდეგ „მასშტაბური შეტევა“ განახორციელა და „დააკავა ქვეყნის ლიდერი, პრეზიდენტი ნიკოლას მადურო“ და მისი მეუღლე.

„აშშ-მა წარმატებით განახორციელა მასშტაბური შეტევა ვენესუელისა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც, მეუღლესთან ერთად, არის დაკავებული და გამოყვანილია ქვეყნიდან. ეს ოპერაცია განხორციელდა აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციით…“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით ტრამპმა პრეკონფერენცია გამართა, სადაც არ დაუზუსტებია, როგორ აპირებს აშშ ვენესუელის „მართვას“. მისივე თქმით, ამერიკული კომპანიები შევლენ ვენესუელაში, რათა შეაკეთონ ნავთობის ინფრასტრუქტურა და „დაიწყონ ქვეყნისთვის ფულის გამომუშავება“.

ტრამპის თქმით, აშშ მზად არის ვენესუელაზე მეორე თავდასხმისთვის, თუმცა, მისი შეფასებით, ეს ალბათ საჭირო არ იქნება. მან ასევე ისაუბრა აშშ-სა და ვენესუელას შორის „პარტნიორობაზე“, რომელიც, მისი თქმით, ვენესუელელებს „გაამდიდრებს, დამოუკიდებელსა და დაცულს გახდის“. მან მადურო „არალეგიტიმურ დიქტატორად“ მოიხსენია.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მადურო და მისი მეუღლე ნიუ-იორკში გადაჰყავთ, სადაც მათ ნარკოტრეფიკთან დაკავშირებულ ბრალდებებს წაუყენებენ. მადურო ნარკოკარტელის ლიდერობას უარყოფს.