საგარეო: ვგმობთ საქართველოს დიპლომატიურ სამსახურზე განხორციელებულ ზეწოლას

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და „გმობს დიპლომატიურ სამსახურზე განხორციელებულ ზეწოლას”. ამასთან, უწყება უცხო სახელმწიფოების მხრიდან ქვეყნის ინსტიტუტების ფუნქციონირებაში „ჩარევის მცდელობებზე” საუბრობს და ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების” გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას არ ნიშნავს.

გთავაზობთ განცხადებას:

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მტკიცედ დგას საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და ემსახურება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს დიპლომატიურ სამსახურზე განხორციელებულ ზეწოლას და მოწოდებებს საბოტაჟისაკენ.

მიუღებელია, უცხო სახელმწიფოების მხრიდან სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუტების ფუნქციონირებაში ჩარევის მცდელობები.

საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, კანდიდატის სტატუსის მიღებამდეც კეთილსინდისიერად ასრულებდა ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ჩათვლით.

შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე დაფუძნებულ ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს, რაც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას უკეთ იყოს მომზადებული მომავალში ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების სწრაფად წარმართვისთვის.

ევროკავშირს ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, შესაბამისად განცხადებები, საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე არ შეესაბამება
სიმართლეს.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ევროკავშირთან ურთიერთობების დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენოს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე, არ ნიშნავს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას და მიზნად ისახავს აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე დამაზიანებელი სპეკულაციების აღკვეთას”, – ნათქვამია განცხადებაში.

„ქართული ოცნების” გადაწყვეტილების შემდეგ, უცხოეთში საქართველოს რამდენიმე ელჩმა თანამდებობა დატოვა – მათ შორის, ლიეტუვაში, ნიდერლანდებში, ბულგარეთსა და აშშ-ში. ამასთან, პოსტიდან წავიდა იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.