საგაზაფხულო სესიების დაწყებასთან ერთად პარლამენტის პიკეტიც განახლდება – სერგი კაპანაძე

პუბლიკა

4 თებერვალს პარლამენტში საგაზაფხულო სესიების დაწყებასთან ერთად შესაძლოა, აქციებიც განახლდეს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, ოპოზიცია აპირებს, გააგრძელოს მწვავე პროტესტი ყველა იმ ფორმით, რომელიც ხელისუფლებას დისკომფორტს შეუქმნის. მათ შორის, საგაზაფხულო სესიების დაწყებასთან ერთად პარლამენტის ბოიკოტი და პიკეტის განახლებაც იგეგმება.

პროტესტის გაგრძელებას გეგმავს სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიაც“. შოთა დიღმელაშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ჯერჯერობით არ იციან პოლიტიკური პარტიების შეთანხმებული პოზიცია და კონკრეტული გეგმა, თუმცა პროტესტის სხვადასხვა ფორმით გაგრძელება სურთ და აქციების ორგანიზებაში ისევ ჩართულნი იქნებიან.

ოპოზიცია ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ შეხვედრებს გააგრძელებს.

„ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ყველა ის მოდელი, რომელიც პროპორციული არჩევნების ტოლფას შედეგს აჩვენებს და ძალას, რომელიც ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერით ვერ სარგებლობს, ხელისუფლებაში მოსვლის საშუალებას არ მისცემს“, – ამბობს სერგი კაპანაძე პუბლიკასთან.

დეპუტატის თქმით, ამის საშუალებას იძლევა ე.წ. „გერმანული მოდელი“, ხელისუფლების შემოთავაზებული საარჩევნო სისტემის გეგმა კი– 100 პროპორციული და 50 მაჟორიტარული მანდატით  მსგავს სისტემას ვერ უზრუნველყოფს. შესაბამისად, ოპოზიცია მის მხარდაჭერას არ განიხილავს.

სერგი კაპანაძე „პუბლიკასთან“ ჰყვება, რომ სანაცვლოდ ოპოზიცია განიხილავს გეგმას იმ შემთხვევისთვის, თუკი მოლაპარაკებისა და პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლება მოსახლეობისადმი  დანაპირებს არ შეასრულებს. პარლამენტის წევრის თქმით, თუკი არჩევნები გაიმართება მოქმედი ან მსგავსი სისტემით, ოპოზიციამ შესაძლოა მაჟორიტარული ოლქები გადაინაწილოს და ხელისუფლებას ისე დაუპირისპირდეს.

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას საარჩევნო სისტემის კომპრომისული ვარიანტი შესთავაზა და დიალოგის მომდევნო რაუნდში პასუხს მათგან ელიან, ოპოზიციასთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი, 2020 წლის არჩევნები მოქმედი სისტემით გაიმართება.

„ჩვენ შეთავაზებული გვაქვს ოპოზიციისთვის კომპრომისული ვერსია, 100/50-ზე, სადაც მკვეთრად იზრდება პროპორციულის რაოდენობა და მცირდება მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა. ასევე, ვემზადებით დიალოგის მომდევნო რაუნდისთვის პოლიტიკურ ოპოზიციასთან. ბურთი ჯერჯერობით არის ოპოზიციის მოედანზე“, – თქვა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან.